სიახლე

“ორმა კაცმა ექვსი ქალი საჯაროდ სცემა და ოლიმპიური ოქროთი დაჯილდოვდა.”

“ქალების კრივში კაცების დაშვება კანონზომიერი შედეგით დასრულდა: იმანე ხელიფმა და ლინ იუ ტინგმა პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი აიღეს. ამ პროცესში კი გაირკვა, რომ თურმე ქალისა და კაცის განსხვავებაზეც შესაძლებელია აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს.
რადგან ისტორიის სპორტული ნაწილი დასრულდა, აღვწერ ყველა იმ გარემოებას, რომელიც ამ მომენტისთვის არის ცნობილი. იმედია, ეს დაგეხმარებათ საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაში.
1. ორივე მოკრივე დიდი ხანია სპორტშია (2018 და 2017 წლიდან). პირველი წლები განსაკუთრებულ შედეგებს არ აღწევდნენ, თუმცა მოგვიანებით, როცა მათი დომინირება გამოვლინდა, კრივის ფედერაციის თანახმად, გამრავლდა იმ სპორტსმენებისა და მწვრთნელების საჩივრები, რომლებიც ეჭვიანობდნენ, რომ ხელიფი და ლინი, კაცები არიან. ამის გარკვევა კი მარტივი იყო, რადგან ბოქსის ფედერაციის წესდებაში მკაფიოდ წერია ქალისა და კაცის განმარტება, რომელიც ქრომოსომებს არის მიბმული (Definition of Men/Male/Boy = individual with chromosome XY. Definition of Women/Female/Girl = individual with chromosome XX).
2. ტესტირება ჩატარდა ორჯერ: 2022 წელს, სტამბოლის ლაბორატორიაში, შეჯიბრის შემდეგ (სადაც ხელიფმა ვერცხლის, ხოლო ლინმა – ოქროს მედალი აიღეს) და 2023 წელს, ნიუ-დელიში, შეჯიბრის წინ. ორივე შემთხვევაში დადგინდა, რომ ეს სპორტსმენები არ არიან ქალები. ამ შედეგების საფუძველზე სპორტსმენები დისკვალიფიცირებული იყვნენ და მათ აეკრძალათ კრივის ფედერაციის (IBA) ეგიდით ორგანიზებულ შეჯიბრებში მონაწილეობა.
3. სპორტსმენებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაესაჩივრებინათ გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟში (CAS), რომელიც მათ შორის ოლიმპიური კომიტეტის ჩართულობით არის შექმნილი. თავის მხრივ, IBA-მ შესთავაზა გასაჩივრების ხარჯების ნაწილობრივი დაფარვა. ლინმა უარი განაცხადა IBA-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ხოლო ხელიფმა შეიტანა საჩივარი, IBA-მ გადაიხადა თანხის საკუთარი წილი, მაგრამ ალჟირის ფედერაციამ თანხა არ ჩარიცხა და დავა შეწყდა.
4. IBA-მ ასევე მიწერა წერილი (კვლევების შედეგებთან ერთად) ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), სადაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ქრომოსომების ტესტების შედეგები ეწინააღმდეგება კრივის ფედერაციის კრიტერიუმებს. მიუხედავად ამისა, ოლიმპიურმა კომიტეტმა ორივე სპორტსმენი ოლიმპიადაზე დაუშვა. (IBA-ს წერილი იხ. პოსტის კომენტარში).
5. IBA-მ ასევე მიმართა ალჟირისა და ტაივანის ფედერაციებს თხოვნით, გახადოს საჯარო კვლევების შედეგები (რადგან კანონით ისინი კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენენ), თუმცა ორივე ფედერაციისგან უარი მიიღო.
6. გამართულ პრეს-კონფერენციაზე, IBA-ს წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ხელიფი და ლინი არ არიან ქალები. საპასუხოდ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამყაროში არ არსებობს მკაფიო, მეცნიერული მეთოდი დაადგინო ადამიანი ქალია თუ არა და გენეტიკური ანალიზი ამიტომ არაა სანდო და ასეთ ტესტებს ოლიმპიური კომიტეტი უკვე დიდი ხანია არ აკეთებს. (იხ. გამოსვლის ჩანაწერი კომენტარებში).
7. ამ ყველაფერმა ფართო პროტესტი გამოიწვია, მათ შორის ისეთ ცნობილ ადამიანებს შორის, როგორიცაა მარტინა ნავრატილოვა და რიჩარდ დოკინზი. სოციალურ ქსელებში დაწყებულია კამპანია, რომლის მიზანი ქალების სპორტის დაცვაა. BBC-მ და რიგმა სხვა მედიამ ასევე დეტალური სტატიები დაწერა ამ სიტუაციაზე და რისკებზე, რასაც კაცების ქალების სპორტში მონაწილეობას შეიძლება მოჰყვეს, და თუ რა მარტივია სქესის დამტკიცება, ამის სურვილი რომ ჰქონოდა სპორტსმენებს (იხ. სტატიები და ტვიტების სქრინები კომენტარში).
8. გამოცემამ 3 Wire Sports მოიპოვა ამ სპორტსმენების კვლევების შედეგები. მათი სტატია ასევე ადასტურებს, რომ ეს ორი სპორტსმენი – კაცია. ხოლო, თუ ვინმეს აინტერესებს ამ ისტორიის მეცნიერული მხარე, შეგიძლიათ გაეცნოთ ბიოლოგის ემა ჰილტონის დეტალურ ინტერვიუს (ორივე ლინკი იხ. კომენტარებში).
ამ ყველაფრის მიუხედავად, მედიასა და სოციალურ ქსელში ადამიანთა ნაწილი რეალობის იგნორირებას ცდილობდა და სხვადსხვა შეთქმულების თეორიების ქმნიდა. ჩამოვთვლი რამდენიმეს.
1. „ხელიფი არ არის ტრანსი, რადგან ტრანსობა ალჟირში აკრძალულია“. – ეს ყველაზე გავრცელებული არგუმენტი ღიმილის მეტს, არაფერს იწვევს, რადგან არც არავინ ამტკიცებს, რომ ხელიფი ტრანსია. დიდი ალბათობით, სპეციფიკური გენეტიკური მუტაციის შედეგად, მას უბრალოდ ბოლომდე არ ჩამოუყალიბდა კაცის სასქესო ორგანოები, ამიტომაც დაბადების მომენტში და ბავშობაში, ის შეიძლება ხალხს გოგო ეგონა, თუმცა 13-14 წლისთვის ყველაფერი გასაგები გახდებოდა (ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში ემა ჰილტონი ეს მეცნიერული ნაწილი ასევე დეტალურად არის აღწერილი).
2. „IBA-ს რუსი ყავს ხელმძღვანელობაში და ეს რუსული პროპაგანდაა“. ეს მთლად სასაცილოა, რადგან გაუგებარია, თუ რა შეიძლება იყოს ამ პროპაგანდის მიზანი. გინდ რუსი იყოს, გინდ ამერიკელი, საუბარი ხომ საბოლოო ჯამში ქრომოსომამდე დადის და არა ფედერაციის ხელმძღვანელის პასპორტზე.
3. კიდევ ერთი „რუსული“ არგუმენტი: „ხელიფმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა და ეს რუსების შურისძიებაა“. რომც ამ ვერსიის კონსპიროლოგიური ბუნება არ შევიმჩნიოთ და დავუშვათ, ასეც არის, ამის გამო ქრომოსომები შეიცვლება? ან თუ ხელიფმა დაამარცხა რუსი-სპორტსმენი, ლინმა რა დააშავა, მას რატომ ებრძვიან?
არადა თუ ასეთი ირიბი არგუმენტების ძიებას დავიწყებთ, პირიქით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელიფი – კაცია. თუნდაც ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ის ალჟირის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ქალ-მოკრივესთან ერთად არის გადაღებული. ნიშანდობლივია, რომ მას კაცისთვის განკუთვნილი დაცვა აცვია (რომელიც არ აცვია ქალ-სპორტსმენს), ხოლო მის გვერდზე მდგომი კაცები მასთან გადახვეულნი დგანან, რაც მიუღებელი ქცევა იქნებოდა ქალის მიმართ ტრადიციულ მუსლიმ საზოგადოებაში, როგორიც ალჟირია (შეადარე ლურჯ-ფორმაში მდგომი ქალის გარემოცვა). არსებობს ბევრი სხვა მსგავსი მტკიცებულებაც (იხ. რამდენიმე მათგანი კომენტარში), მაგრამ საბოლოო ჯამში, საკითხი მაინც გენეტიკამდე დადის, აქ კი, ყველაფერი გასაგებია. გაუგებარი ამბავი კი მხოლოდ მათთვის რჩება, ვისაც საკუთარი იდეოლოგიური სტერეოტიპები უფრო აღელვებს, ვიდრე მეცნიერული არგუმენტები.
ახლა კი მხოლოდ ისღა დაგვრჩა, რომ დაველოდოთ ამ ისტორიის გაგრძელებას. საინტერესოა, მოხდება თუ არა ქალების ცემის ნორმალიზება, თუ სპორტში საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს. ან, შეიძლება, ხელიფი და ლინი თავის XX ქრომოსომების ფოტოს დადებენ და მეც და ბევრ სხვა ადამიანს შეცდომის აღიარება მოგვიწევს. თუმცა ამ მომენტისთვის გამონაკლისის გარეშე ყველა არსებული არგუმენტი მიუთითებს იმაზე, რომ ორმა კაცმა ექვსი ქალი საჯაროდ სცემა და ოლიმპიური ოქროთი და მოტყუებული ხალხის ოვაციებით დაჯილდოვდა.”
წყარო: ალექსანდრე რაქვიაშვილის ფესბუკ სტატუსი: https://www.facebook.com/rakviashvili.sandro

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *