რატომ არ ტარდება საქართველო–ჩეხეთი დინამოზე?
7 სექტემბერს ფეხბურთში ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშება.
მატჩი არა დინამოს სტადიონზე, სადაც 55 000 კაცი ეტევა, არამედ ვაკეში “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ტევადობა მხოლოდ 25 000–ია.
ბუნებრივია, უბილეთოდ დარჩენილი გულშემატკივარი ამ გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა: „გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია.”
ლევან კობიაშვილის კომენტარს დინამოს სტადიონის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს დინამო არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება – იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა.”