სიახლე

კლიფ იანგის საოცარი ისტორია

1983 წელს 61 წლის ავსტრალიელმა ფერმერმა კლიფ იანგმა სუპერმარათონში მოიგო, რადგან მან არ იცოდა, რომ მარათონის დროს შეეძლო დაეძინა.
ავსტრალიის სუპერ მარათონის მანძილი სიდნეიდან მელბურნამდე 875 კმ -ია, რასაც მარათონის განმავლობაში 5 დღეზე მეტი სჭირდება. რბოლაში მონაწილეობენ მსოფლიო დონის მორბენალი სპორტსმენები, რომლებიც სპეციალურად ვარჯიშობენ ამ ღონისძიებისთვის. სპორტსმენების უმეტესობა 30 წლამდეა და მათ აფინანსებენ ძირითადი სპორტული ბრენდები, რომლებიც მათ აძლევენ უნიფორმებსა და ფეხსაცმელს.

1983 წელს ბევრი გაოგნებული დარჩა, როდესაც რბოლის დღეს 61 წლის კლიფ იანგი გამოჩნდა სტარტზე. თავიდან ყველას ეგონა, რომ ის მოვიდა რბოლის დაწყების სანახავად, რადგან ის არ იყო სპორტულად ჩაცმული, როგორც ყველა სპორტსმენი, მას ეცვა რეზინის ჩექმები. მაგრამ კლიფი მიუახლოვდა მაგიდას რბოლის ნომრის მისაღებად.

როდესაც კლიფმა მიიღო ნომერი 64 და შეუერთდა სხვა მონაწილეებს, ჟურნალისტმა ჰკითხა:
– ვინ ხართ და რას აკეთებთ აქ?
– მე ვარ კლიფ იანგი. ჩვენ ვზრდით ცხვრებს მელბურნის მახლობლად დიდ საძოვრებზე.
– მართლა აპირებ ამ რბოლაში მონაწილეობას?
– დიახ.
– სპონსორი გყავს?
– არა
– მაშინ თქვენ ვერ მიაღწევთ ფინიშამდე.
– არა, მე შევძლებ! რადგან ფერმაში გავიზარდე, სადაც ჩვენ არც ცხენი გვყავდა და არც მანქანა, რომელიც მხოლოდ 4 წლის წინ ვიყიდე. ფერმაში გვყავდა 2000 ცხვარი, რომელიც გაფანტული იყო 2000 აკრზე და როდესაც შტორმის მოახლოება ვიცოდით, ცხვრების შეგროვებას ვიწყებდი. ამას ხანდახან 2–3 დღე ვანდომებდი. ეს არ იყო იოლი, მაგრამ ცხვრებს ყოველთვის ვიჭერდი. ეს მარათონი კი მხოლოდ 5 დღე სირბილს მოითხოვს…

როდესაც მარათონი დაიწყო, პროფესიონალებმა კლიფი თავისი ჩექმებით ჩამოიტოვეს. ზოგი მაყურებელი თანაუგრძნობდა მას და ზოგი კი დასცინოდა. ტელევიზორში ხალხი უყურებდა კლიფს, ბევრი წუხდა და ლოცულობდა მისთვის, რომ ის გზაში არ მომკვდარიყო.
ყველა სპორტსმენმა იცოდა, რომ მანძილის დასრულებას დაახლოებით 5 დღე დასჭირდებოდა და ამისათვის ყოველდღე იყო საჭირო 18 საათი სირბილი და 6 საათი ძილი. კლიფ იანგმა ეს არ იცოდა.
პირველი დღის შემდეგ, დილით ხალხმა შეიტყო, რომ კლიფს არ ეძინა. მან განაგრძო სირბილი მთელი ღამე, მიაღწია ქალაქ მიტაგონგს. მიუხედავად, იმისა, რომ კლიფს არ ეძინა, მაინც ბევრად ჩამორჩებოდა ყველა სპორტსმენს, თუმცა მან განაგრძო სირბილი.

ყოველდღიურად ის უახლოვდებოდა რბოლის ლიდერებს და ბოლო ღამეს კლიფმა სძლია მსოფლიო დონის ყველა სპორტსმენს. ბოლო დღის დილით კლიფი უკვე ბევრად უსწრებდა ყველას. კლიფმა არა მხოლოდ სუპერმარათონი მოიგო 61 წლის ასაკში, არამედ დაამყარა რბოლის რეკორდი და გახდა ეროვნული გმირი.

კლიფ იანგმა 875 კილომეტრიანი რბოლა 5 დღეში, 15 საათსა და 4 წუთში დაასრულა. კლიფ იანგმა უარი განაცხადა პირველი ადგილისთვის დაწესებულ 10 000 აშშ დოლარზე. მან თქვა, რომ არ იცოდა პრიზის არსებობის შესახებ და არ მონაწილეობდა ფულის გამო. მან გადაწყვიტა ფული გადაეცა პირველი ხუთი სპორტსმენისთვის, ვინც ფინიშზე მის შემდეგ მივიდა, 2,000 თითოეულს. კლიფს თავისთვის ფული არ დაუტოვებია, ის მთელ ავსტრალიას უბრალოდ შეუყვარდა.

მონაწილე სპორტსმენების უმრავლესობამ იცოდა, თუ როდის და რამდენ ხანს უნდა დაესვენა და როდის ერბინა დისტანციაზე. უფრო მეტიც, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ 61 წლის ასაკში სუპერ მარათონის მოგება შეუძლებელი იყო. კლიფ იანგმა ეს ყველაფერი არ იცოდა. მან ისიც კი არ იცოდა, რომ სპორტსმენებს მარათონის დროს შეუძლიათ ძილი. მისი გონება იყო თავისუფალი, მას ჰქონდა რწმენა და სურდა მხოლოდ გამარჯვება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *